მაცხოვრის მე-11 - მე-12 საუკუნეების ხატი სვანეთი |
პირველი
მცნება: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყავნ შენდა ღმერთნი
სხვანი ჩემსა გარეშე.
პირველი მცნებით, ღმერთი გვიბრძანებს ვცნოთ და პატივი
ვცეთ მას, გვწამდეს იგი, იმედი გვქონდეს მისი, გვიყვარდეს და ვემორჩილებოდეთ მის ნებას,
თაყვანი ვსცეთ მას, ვადიდოთ იგი, ვმადლობდეთ ღმერთს მისი მოწყალების გამო, ვევედროთ,
ვაღიაროთ. ყოველი კაცის წინაშე ვცნოთ იგი ჩვენს ღმერთად და არ უარვყოთ.
იმისთვის, რომ შევიცნოთ ღმერთი, ბეჯითად უნდა ვისმინოთ
ღვთის სიტყვა ეკლესიაში, ვიკითხოთ საღმრთო წერილი და წმიდა მამათა ნაწერები, მართლმადიდებელი
ეკლესიის მიერ მოწონებული სხვა სასულიერო შინაარსის წიგნები.
პირველი მცნების საწინააღმდეგო ცოდვაა - უღმერთობა.
უღმერთობა, როდესაც უგუნურები თავის გულში ფიქრობენ, რომ ღმერთი არ არსებობს. აგრეთვე
ამ მცნების საწინააღმდეგო ცოდვაა მრავალღმერთიანობა, როდესაც აღიარებენ მრავალ ცრუ
ღმერთს; ურწმუნოება; მწვალებლობა; განდგომილება; სასოწარკვეთილება; მკითხაობა და ცრუმორწმუნეობა.
ანგელოზთა და წმიდათა პატივისცემა კი პირველ მცნებას
არ ეწინააღმდეგება, რადგან მათი სახით პატივს ვცემთ ღვთის მადლს, რომელიც მათ შორის
დამკვიდრებულა, მათ მიერ მოქმედებს. სწორედ ანგელოზებისა და წმიდანების საშუალებით
ვთხოვთ ღმერთს შეწევნას.
No comments:
Post a Comment